Tuesday, December 16, 2008

პირველი სკოლა

თბილისის პირველი საჯარო სკოლა მდებარეობს რუსთაველის გამზირზე;
ჩვენი სკოლის დირექტორია
ქალბატონი ლელა წიქარიშვილ
გაეცანით ჩვენს სკოლას და პირველსკოლელებს სკოლის საიტზე http://1.skola.dlf.ge/
თბილისის I საჯარო სკოლა
მესამე ათასწლეულის 21-ე საუკუნის დადგომა ღირსეშანიშნავია ჭაღარა, მაგრამ მარად ახალგაზრდული სულისკვეთებით აღსავსე თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია - (უკვე საჯარო) სკოლისთვის. სწორედ ამ საუკუნის პირველ სამ ათასწლეულში აღინიშნება მისი შემოქმედებითი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თარიღები.
თბილისის პირველი საჯარო სკოლის ისტორიაში თავისებურად აისახა ჩვენი ქვეყნის საბედისწერო 1801 წლის შემდგომი საქართველოს ორსაუკუნოვანი ისტორია. იგი დასაბამს იღებს 1802 წელს ორკლასიანი სასწავლებლის გახსნით.რუსეთის იმპერიის ადგილობრივი ხელისუფლების უხეში რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად მან მალე შეწყვიტა არსებობა.
175 წელზე მეტი ხნის არსებობის მანძილზე თბილისის გიმნაზიას არაერთხელ გადაერქვა სახელი.
2002-წ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის გიმნაზიის წინამორბედი კეთილშობილთა სასწავლებელია. სასწავლებლის დაარსება ორი საუკუნის წინათ ნათელი სხივი იყო დამოუკიდებლობა დაკარგული საქართველოს შავბნელ სინამდვილეში.
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის ისტორიაზე არცთუ ცოტა დაწერილა. მისი ისტორია თავისებურად აისახა საქართველოში საშუალო განათლებისადმი თუ სასწავლებლის ცალკეულ მოღვაწეთა ცხოვრება- მოღვაწეობისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნოდარ გრიგალაშვილის წიგნი “ ხე ცნობადისა”, რომელიც, ფაქტიურად, ერთადერთი მონოგრაფიული ნაშშრომია, მიძღვნილი სასწავლებლის ისტორიისადმი. ასევე, საყურადღებოა ქეთევან შავგულიძის ნაშრომი “თბილისის კლასიკური გიმნაზია”, რომელშიც, უმთავრესად, გიმნაზიის მშენებლობის ისტორიაა მოთხრობილი.

სკოლის ცნობილი ადამიანები

პირველი სკოლის დირექტორები 1802 წლიდან
კორნეევი-1802-1803; პეტრიაშვილი-1803-181; ბარკრინსკი-1813-1816; შაპულინი- 1816-1826; მანასეილი-1826-1829; იაროსლავსკი-1829-1830; გრუბერი-1830-1833; გახსენ-მილერი-1833-1839; დემენტიევი-1839-1840; კონოფკი-1840-1841; როსკოვშენკო-1841-1843; ვუჟისკი-1843-1846; სოსროვშენკო-1846-1849; დემენტიერი-1849-1863; პენჩესკი-1863-1864; ილიანეშკო-1864-1868; ჟელინოვსკი-1868-1874; მარკოვი-1874-1902; ნიუბლინკი-1902-1905; გამყრელიძე-1905-1911; გენკელიძე-1911-1913; ზუბალაშვილი-1913-1916; ღულაძე-1916-1921; მ.ზანდუკელი-1921-1930; სიხარულიძე-1930-1944; დავითაია-1944-1944; ბიბილეიშვილი-,, ჯ.ჯორჯიკია-1944-1954; შ.გიგაშვილი-მ.კიკლაძე-1954-1973; ლ.შეწირული-1973-2005;

ცნობილი მასწავლებლები
სოლომონ დოდაშვილი; დიმიტრი ყიფიანი; სიკო ვაჩნაძე; ანტონ ფურცელაძე; ივანე კერესელიძე; ივანე ნიჟარაძე; ბესარიონ ღოღობერიძე;
ექვთიმე თაყაიშვილი; სევერიან კაშია; ვასო აბდუშელიშვილი; ტერენტი ვეფხვაძე; მერი მიქაბერიძე; ნინო ვარდიაშვილი; ვანო ხელაია; ეთერ ტაბიძე; ბაბო მჭედლიძე; მზია წივწივაძე; გიორგი გეხტმანი; თედო სოხოკია; ლიდა გუგუნავა; გრიგოლ კუტუბიძე; ნადია სიხარულიძე; მარგალიტა პოლოლქაშვილი; ლალი გაფრინდაშვილი; ირაკლი ბეროზაშვილი; ჯიმშერ მუჯირი; ეთერ მონიავა; თინა ფერაძე; ვალენტინა ჩხენკელი; ილინა ბოლოტინა; ცუცუნია ლორთქიფანიძე; გიგი შირაქაძე; ნინო ალადაშვილი; შოთა აბაიშვილი; ილია სიხარულიძე; ციალა შოშიაშვილი.


ჩვენთან სწავლობდნენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ვახტანგ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, პეტრე მელიქიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილი,- იუჟინი, ვასო აბაშიძე, ვლადიმერ ნებიროვიჩ-დანჩენკო, ივანე ჯავახიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ოთარ ონიაშვილი, არჩილ გელოვანი, ოსკარ შმერლინგი, მიხეილ გრუშევსკი, იმანუელ კრასკიანკი, ვახუშტი კოტეტიშვილი, კოტე მახარაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლატავრა ფოჩიანი, თენგიზ სუხიშვილი, ძმები ჟორდანიები; გიგი უგულავა, ზვიად გამსახურდია, ლევან აბაშიძე, ნიკა გილაური, ზურაბ სოტკილავა, ალ.ხახანაშვილი, მაია ჩიბურდანიძე.


პირველსკოლელები
მთაწმინდელებსა და პირველსკოლელებზე ცნობების შეგროვებისას დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენი სკოლის მუზეუმის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლია სულვამ თვითონაც მთაწმინდელია და დიდი სიამოვნებით დაგვეხმარა
ქალბატონმა ლია დიდი სინანულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც პირველ სკოლაში სწავლობდნენ, დღეს ცოცხალნი აღარ არიან. მათ შორის აღნიშნა: რეზო თაბუკაშვილი, ლევან აბაშიძე, მერაბ კოსტავა, რატი ნინუა....

თიკა ჯამბურია
პროექტის სტუმარია ყველასათვის კარგად ნაცნობი მომღერალი, თიკა ჯამბურია, რომელიც ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
- თიკა, გაგვეცანი?
-მე ვარ თიკა ჯამბურია. ვარ ჩვეულებრივი გოგონა, უბრალოდ, ერთი განსხვავება ისაა, რომ სხვებთან შედარებით ხალხისთვის უფრო ნაცნობი სახე ვარ.
- ორიოდე სიტყვა შენს შემოქმედებაზე, როდის დაიწყე სიმღერა?
- ჩემს შემოქმედებას რაც შეეხება, სიმღერა დავიწყე საკმაოდ მცირე ასაკიდან, 4 წლიდან თუმცა ხალხმა გამიცნო, როდესაც ვიყავი 9 წლის და ვიმღერე ჯეირანი. ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ჩემთვის იყო პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. ამიტომაც დღემდე ჩემს საყვარელ სიმღერად რჩება.
- შენი გეგმების შესახებ რას გვეტყვი?
- უპირველეს ყოვლისა ძალიან მინდა ჩავაბარო წარმატებულად, რადგანაც აბიტურიენტი ვარ და საკმაოდ ბევრს ვმეცადინეობ. შემდეგ უკვე სიმღერასაც მივხედავ და ახალ კლიპსაც გადავიღებ. ჯერჯერობით ჩემი გეგმები მხოლოდ ჩაბარებას და სწავლას გულისხმობს.
საინტერესო შემოთავაზება მაქვს ერთი საკმაოდ ცნობილი და დიდი კომპანიიდან, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად განხორციელდება. ამას საკმაოდ დიდი მომზადება, ფინანსები და გამართლება სჭირდება ვნახოთ, რა გამოვა.
- რა შეგიძლია გვითხრა ჩვენს სკოლაზე?
- ამ სკოლაზე ბევრი ძალიან სასიამოვნო მოგონება მაქვს. ძალიან მიყვარს და ჩემს მეორე სახლადაც ვთვლი. ყოველთვის ხაზგასმით ვიძახი ყველგან, რომ პირველსკოლელი ვარ, რადგან მეამაყება აქ სწავლა. მიყვარს ჩემი კლასი, ჩემი მასწავლებლები. ალბათ, როდესაც დავამთავრებ ამ სკოლას, ხშირად გამახსენდება ჩვენი არაჩვეულებრივი დამრიგებელი, ქალბატონი მარინა ჯაბუშანური, რომელმაც უამრავი რამ გვასწავლა და ყოველთვის გვერდში გვედგა. და, ასევე, სხვა მასწავლებლები. სიამოვნებით გავიხსენებ ჩემს კლასს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სიცელქით და განსხვავებული იდეებით. ჩვენს დირექტორებს , ლიანა შეწირულს და ლელა წიქარიშვილს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ ძალიან მეხმარებოდნენ ყოველთვის. ასე, რომ, შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მე ბედნიერი ვარ რომ ვარ 1 სკოლელი.
ჩემი წარმატებები უფრო ხშირად სხვა ქვეყნებში ხდებოდა. ამიტომ სამწუხაროდ, იქ არავინ არ ინტერესდებოდა ჩემი სკოლით.
_ თიკა, შენ მთაწმინდის უბანში ცხოვრობ მოგწონს შენი უბანი?
მთაწმინდა არის ყველასგან გამორჩეული და დიდი უბანი თითქმის, მთელი ჩემი სამეგობრო აქ ცხოვრობს. ხშირად ვიკრიბებით ხოლმე და ვსეირნობთ, დავდივართ ფეხით. ამიტომ ამ უბანთან დაკავშირებით ბევრი ძალიან კარგი, მოგონება მაქვს. აქ ყოველთვის ძალიან კარგი თბილი და სასიამოვნო აურა ტრიალებს. სწორედ ამიტომ ძალიან მიყვარს მთაწმინდა.
_ რას უსურვებდი ჩვენს პროექტს?
_ რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა და ძალიან კარგი იქნება, თუ ბევრი ასეთი კარგი სხვა პროექტები გაკეთდება.

ეკო ამყოლაძე
ჩვენი სკოლელი, და ახლა უკვე ყველასათვის ნაცნობი სახე, ეკო ამყოლაძე, სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. როგორც აღმოჩნდა, ეკო მართლა არაჩვეულებრივი ხასიათითაა დაჯილდოვებული.
გავიგეთ, რომ ეკოს აქვს ძალიან ბევრი ჰობი და მიზანი აქვს. ცხოვრებაში, სიმღერის გარდა. იტაცებს თხილამურები, ცურვა, ხატვა და კითხვა. როგორც ეკომ მოგვახსენა, მას ჰყავს უამრავი კარგი მეგობარი. ჯერჯერობით მუსიკალურ კარიერაზე აღარ ზრუნავს თუმცა აქტიურადაა ჩართული უამრავ სხვა პროექტში. გადავავლოთ თვალი მის წარსულ პროექტებს და დავინახავთ რომ ეკო ძალიან განათლებული პიროვნებაა. “ყველაზე ჭკვიანი”, “ევროკლასი” (სადაც გუნდის კაპიტანი იყო და გაიმარჯვა), და, რაღა თქმა უნდა, “ჯეოსტარი”. ეკომ გვითხრა, რომ, მომავლის გეგმები ჯერ საიდუმლოა და მათ შესახებ განხორციელების შემდეგ შევიტყობთ, თუმცა გაგვიმხილა რომ აქვს შემოთავაზებები კინოდან.
ეკო, ასევე, გვესაუბრა სკოლაზე:
- “ამ სკოლაში მე-8 კლასიდან გადმოვედი, და თავიდანვე მოწიწებით ვიყავი განწყობილი (ეს სკოლა არა მარტო უბრალო სასწავლებელი, არამედ დიდი ისტორიის მქონე მუზეუმია) ჩემი კლასი და, საერთოდ, სკოლა ერთ-ერთი პრობლემის დროს, მხარში ამომიდგა არასოდეს დამავიწყდება მათი თანადგომა და აუცილებლად ვეცდები, მეც ისე მოვექცე მათ, როგორც ისინი მომექცნენ”. და ბოლოს, ეკოს ვთხოვეთ ორიოდე სიტყვა ეთქვა ჩვენს პროექტზე,
- ეკო: “ ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.

ჩემი სახლი…
სალომე კუსიანი მე-11 კლასი
ადამიანს სახლი შეიძლება ბევრგან ჰქონდეს, მაგრამ თავშესაფარი მხოლოდ ერთი აქვს. მას შეუძლია აიშენოს სახლი – კარგად მოწყობილი, ყველა იმ ატრიბუტით, რაც მისი კომფორტისთვისაა საჭირო, მაგრამ დანაღვლიანებული, დარდმორეული, რატომღაც, ასეთ ადგილას ვერ პოულობს სიმშვიდეს. მიდის... ტოვებს მას... მიდის და გზის ბოლოს აღმოაჩენს, რომ, თავისდაუნებურად, მიადგა იმ პატარა შენობას, რომელშიც გაიზარდა, განათლება მიიღო, პირველად შეუყვარდა, პირველ წარმატებებს მიაღწია... შედის და ხვდება, რომ სწორედ ეს არის სახლი – თავშესაფარი. აქ რჩება და იღებს ყველა კითხვაზე პასუხს. დარდიც, თითქოს, იმ ცრემლებს მიჰყვება, რომელიც წვიმის წვეთებად ჩამოდის უკვე ბედნიერ სახეზე. იგი აქ არის ბედნიერი. სწორედ ამ კედლებში და არა ლამაზად შეღებილ სასახლეში. კედლებში, რომელიც თანდათან იფერფლება და იშლება... მაგრამ იგი მაინც ბედნიერია. ტოვებს ამ ადგილს და ხვდება, ხვდება რომ აქ შეუძლია ესაუბროს თავის წარსულს, საკუთარ მეს...
რუსთაველის ხმაურიანი ქუჩა, ილიასა და აკაკის ძეგლები, ლამაზი შენობა, რომელიც ყვითლად შეუღებავთ (როგორც ბავშვობაში ვეძახდი) და აქ გატარებული ბავშვობის ულამაზესი წლები.
ზევით ამაყი მამა დავითი, პანთეონი, ფუნიკულიორი და მთაწმინდა. ჩემი საყვარელი სკოლა, კედლები, რომელიც ინახავს მთელ ჩემს გრძნობას – სიხარულსა და გულისტკივილს. შედიხარ და თვალწინ გეშლება შენი წარსული. თუმცა იგი ისევ ისეთია, დიდებული და თვალისმომჭრელი. ბარათაშვილის კიბე ისევ ისეთია, როგორც მაშინ, პატარაობისას, როცა ასვლისა გეშინოდა, ფეხი არ დამიცდესო... ადიხარ კიბეზე და გხვდება კლასი, რომელშიც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი გაქვს გატარებული. სწორედ, აქ, ამ დიდ საკლასო ოთახში, ყალიბდებოდი პიროვნებად. აქ იცინოდი, აქ ბრაზდებოდი, როცა გეწინააღმდეგებოდნენ. აქ იღებდი შენიშვნებს: მობრუნდი, ენა გააჩერე, დაფას შეხედე... შენიშვნებს, რომლებიც რაღაცნაირად, სასიამოვნოც კი იყო. სწორედ ეს მერხია, სადაც იჯექი. მერხი, რომელზეც სწრაფად წერდი მათემატიკის საკონტროლოს. ცდილობდი, გაგეხსენებინა, როგორ გეუღლებინა ზმნა პირველ თურმეობითში, რომ, როგორმე ქართული ენის დამოუკიდებელი დაგეწერა. როგორ მოხდა, რომ კარადას მინები აქვს? გახსოვს, რამდენჯერ ჩაამსხვრიეთ? ყოველ ჯერზე გაფრთხილება, თქვენ სკოლის ქონებას აზიანებთო. მაგრამ პარასკევი დღე და კვლავ ჩამსხვრეული მინები...
მოგონებები ერთმანეთში ირევა, არ იცი, რომელი გამოყო.
პირველი სკოლა, რომელიც შენი თავშესაფარია... კედლები, რომელიც არასდროს გეტყვიან უარს, მოისმინონ შენი ამბავი, გაუხარდეთ წარმატებები და შეგახსენონ, თუ როგორ მიაღწიე მათ...
დერეფანი, სადაც პირველად დაინახე ის, მოგეწონა და ყოველ დღე მოუთმენლად ელოდი დასვენებას, რათა კვლავ დაგენახა და ჩუმად ჩაგეცინა. ხან უზომოდ ბედნიერი იყავი მისი ღიმილით და ხანაც გინდოდა, მაგრად გაგელანძღა... ადგილი, სადაც პირველად მიხვდი, რომ, თურმე, ცხოვრებაში ვარდისფერი ფერის გარდა არსებობს კიდევ თეთრი, შავი და ნაცრისფერი... ადგილი, სადაც შეიძინე უამრავი მეგობარი, ისწავლე მათი დაფასება და მხარში ამოდგომა...
და ადგილი, სადაც ყველაფერი ისწავლე. რომ არა ის, ვერ შედგებოდი, როგორც პიროვნება, გაგიჭირდებოდა ცხოვრება. აი, ჩემი თავშესაფარი – ჩემი პირველი სკოლა.

3 comments:

  1. სალომე გენიალურად აღწერ სკოლას... დიდი მომავალი გექნება... შენისთანა ქართველები უნდა გამრავლდნენ!

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. მადლობა კარგი სტატიისათვის.
    სამწუხაროდ გაპარულია რამოდენიმე უმნიშვნელო უზუსტობა, კერძოდ 1954-1973 წლებში სკოლის დირექტორი იყო ნიკოლოზ კიკვაძე, ხოლო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ერქვა ირინა ბალოტინა.

    ReplyDelete